ბორჯომის შესახებ

ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 800-1000 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე მტკვრის ხეობაში. ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, რომელიც  უნიკალური მინერალური წყლებითაა ცნობილი.

კურორტის უდიდესი ნაწილი თვალწარმტაცი მთებით არის გარშემორტყმული. სამხრეთ კავკასიის უმშვენიერეს ხედებზე გაშლილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 700 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, რის გამოც ის ევროპის უდიდესი ეროვნული პარკების რიცხვში შედის. პარკი კვლავ ინარჩუნებს საკუთარ მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას.

ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის, თერმულ-მინერალური წყლებია, რომლებიც მდიდარია მინერალებით და ამიტომ ყველაზე სუფთა მინერალურ წყლად ითვლება. ბორჯომის წყალი გამოიყენება როგორც წყურვილის მოსაკლავად, გასაგრილებლად, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულებისა თუ სპეციალური გამაჯანსაღებელი პროცედურებისათვის.

ბორჯომი ცნობილია რუსეთის სამეფო გვარის, რომანოვების, საზაფხულო სასახლითაც, რომელიც 1890-იან წლებში კავკასიის მეფისნაცვლის შვილმა, ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა ბორჯომის დასავლეთით,  კურორტ ლიკანის ულამაზეს პარკში ააგო და რომელიც ამჟამად ჩვენი სასტუმროს ტერიტორიაზეა.

სახელგანთქმული სათხილამურო კურორტი ბაკურიანი ქალაქ ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ბაკურიანის მთების კლიმატი კურნავს სხვადასხვა დაავადებას.

ულამაზესი ხედების, მარტივი მისადგომობის, სუფთა კლიმატისა და, რაღა თქმა უნდა, მინერალური წყლების წყალობით, ბორჯომი ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ და პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა.